saqarTvelos wyalsacavebi - lajanuris wyalsacavi
მდებარეობა | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°36`01` ჩ. გ. 42°50`27` ა. გ. |
სიგრძე | 3.2 კმ |
სიგანე | 1 კმ |
ფართობი | 1.6 კმ² |
საშუალო სიღრმე | 30 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 70 მ |
საინჟინრო-ჰიდროტექნიკური ნაგებობა ცაგერის მუნიციპალიტეტში. შექმნილია მაღალი თაღოვანი კაშხალით მდინარე ლაჯანურას ქვემო დინების ვიწრო ხეობაში, სოფელ სურმუშთან. ოვალური ფორმისაა. სიგრძე 3,2 კმ, უდიდესი სიგანე 1 კმ, საშუალო სიგანე 0,5 კმ. უდიდესი სიღრმე 70 მ, საშუალო სიღრმე 30 მ, ფართობი 1,6 კმ², წყლის მოცულობა 50 მლნ. მ³. ლაჯანურის წყალსაცავს ასაზრდოებს მდინარეები: ლაჯანური, ხელეშურისღელე, ლიამღვრიე, უსახელოღელე, აგრეთვე მდინარე ცხენისწყლიდან არხით და გვირაბით გამოყვანილი წყალი. წყალსაცავი დღეღამური რეგულირებისაა. წყლით უზრუნველყოფს მიწისქვეშა ლაჯანურჰესს.
ლაჯანურის წყალსაცავის ქვაბულის ქვედა ნაწილი აგებულია ცარცული სქელშრეებრივი კირქვებით, ზედა - ქვიშაქვებით, მერგელოვანი თიხაფიქლებითა და კონგლომერატებით. კალთები მეწყრებიანი აქვს. ნაპირების ტალღისმიერი გადამუშავება უმნიშვნელოა. წყალსაცავის მოლამვა ძირითადად ხდება შენაკადების მიერ შემოტანილი მყარი ჩამონადენის ხარჯზე. კაშხალთან ფსკერული ნატანის სისქე 10 მ აღემატება.